понедельник, 25 октября 2010 г.

ანა ნიკოლაძე იყო აკაკის პირველი სიყვარული

                                                                             მარიამ ციციშვილი-წერეთლისა   
     ქუთაისში აკაკი ხშირად დადიოდა ნიკოლაძისა და ხელთუფლიშვილის ოჯახებში. იგი ძალიან მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძის დებთან, მათ შორის კი განსაკუთრებული მეგობრობით იყო დაკავშირებული ანასტასიასთან (ანიჩკასთან). აკაკის ძლიერ უყვარდა ნიკოლაძეების მხიარულ, მეგობრულ წრეში საათობით და ზოგჯერ მთელი დღეობით დარჩენა. ქუთაისის თეთრი ხიდის სიახლოვეს, რიონის მაღალ ნაპირზე მდგარი  ნახევრად დანგრეული ხის სახლის მშვენიერ, წყალზე გადამყურე აივანაზე, აკაკი სასოამოვნოდ ატარებდა დროს. ამ სახლთან აკაკის ბევრი საუკეთესო მოგონება აკავშირებდა. მაგრამ განსაკუთრებით წმინდა იყო მის ხსოვნაში მოგონება ამ სახლის ერთი ბინადრისა - ეს იყო ანასტასია ნიკოლაძე. მეგობრული გრძნობა ამ ქალისადმი აკაკიმ შეუბღალავად შეინახა მთელი სიცოცხლის მანძილზე.
 რუსუდან  ნიკოლაძე, ახასიათებს რა აკაკის დამოკიდებულებას ანიჩკასადმი, წერს: „ეს იყო „ჩერნიშევსკისებული“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისცემით აღბეჭდილი“. ანიჩკა ნიკოლაძესთან მეგობრობას,  როგორც პოეტის მიმოწერიდან ჩანს, ღრმა კვალი ჰქონდა გავლებული აკაკის გულში. კერძო წერილებში პოეტი მას სანუგეშო მეგობარს უწოდებს.  თვით ანიჩკამ   კი   მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას. ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის არ სცოდნია ,დანამდვილებით, აკაკისა და მის გარდა .
   ანიჩკასა და მისი დების გვერდით  აკაკი პოულობდა გულწრფელ მეგობრულ პატივისცემას, პოეზიისა და კულტურის სიყვარულს, სამშობლოსადმი ერთგულებისა და სამსახურის სამაგალითო ნიმუშებს...
      ეს სიყვარული 1862-63 წლებში დაიწყო, როცა აკაკი ჯერ კიდევ არ იყო ცოლიანი, მაგრამ რატომღაც ანას ხელი არ სთხოვა და რუსეთში წასულმა 1864 წელს ნატალია ბაზილევსკაია შეირთო ცოლად, რითაც სამუდამოდ დაკარგა ანა, როგორც შესაძლებელი მეუღლე. 
        აკაკის 70-იან წლებში ანა ნიკოლაძისათვის ნაჩუქარი აქვს გიშრის საათი, თვითონ რომ „თილისმა საათს“ უწოდებდა. ამ საათს უკან ასეთი წარწერა ჰქონდა:
                                             ყრუ სიმართლისთვის
                                             სიწმიდისათვის ბრმა
                                             წყეულიმც იყოს
                                             მისი გულისთქმა.
                                                                               აკაკი
  ამ წარწერიდან ჩანს, აკაკი ანა ნიკოლაძეს სიყვარულის აუყოლობაში დებს ბრალს.
            არავინ არაფერი იცოდა ანა ნიკოლაძის გრძნობების შესახებ. არც აკაკი ლაპარაკობდა ბევრს. შეიძლება ახალგაზრდობისას რაღაც იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მერე მართლა მეგობრობად იქცა.
       ანა იყო ტანად პატარა, ძალიან კოხტა. ჯერ კიდევ ემჩნეოდა, რომ ახალგაზრდობისას ლამაზი იყო. ნიკო ნიკოლაძის დებიდან ერთადერთი ის დარჩა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების გარეშე. იქნებ ესეც მოსწონდა აკაკის, რომელიც პირველად ქალთა უცხოეთში გამგზავრების წინააღმდეგიც წასულა – რა ქალის საქმეა დიდ ცოდნაზე თავის დადებაო, ეს ცუდ ემანსიპაციას გამოიწვევსო. აკი, თვითონ ამბობდა, რომ ქალური საწყისი გრძნობაა და არა გონება. ქალის ფუნქცია საყვარელი არსების შეფარება და მასზე ზრუნვააო. თუმც, მიუხედავად იმისა, რომ ანას საზღვარგარეთ არ უსწავლია, საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო. რუსული ძალიან კარგად იცოდა, ბევრს თარგმნიდა. მისი თარგმანები გაბნეულია იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. თავის დასთან კატოსთან ერთად 1893 წელს უთარგმნია მოთხრობა „კატაკომბები“. ხოლო მისი ერთერთი თარგმანი „ჯიანეტა“ წიგნადაც გამოსულა.
     
აკაკი ანას დანახვისას ხშირად ამბობდა ხოლმე: „დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას“, რაზეც ანა ღელვისაგან ჩაყრუებული ხმით პასუხობდა: „კაი აკაკი, ნუ იცი ასე.“
        სიცოცხლის ბოლოსაც შეხვდნენ აკაკი და ანა ერთმანეთს. I მსოფლიო ომის დაწყებისას აკაკიმ ქვიშხეთიდან  სურამში გამოუარა ნიკოლაძეებს და მაშინაც პოეზიით იყო სავსე მათი შეხვედრა.

Комментариев нет:

Отправить комментарий